
მთელი შეგნებული ცხოვრება ადამიანი ეძებს თავის უკანასკნელ ნავსაყუდარს, საიდანაც უმზერს მთელს თავის განვლილ ცხოვრებას, შეაფასებს და გადააფასებს მარადიულ ღირებულებებს. ასეთი ჟამი ყოველთვის დგება ადრე თუ გვიან, შინ თუ გარეთ.
ყველაზე მეტად სიმძაფრე ამ ჟამში არის უცხოობაში განაპირებული ნავსაყუდარი, როცა უცხო ნაპირებიდან ხედავ ისე, რომ შეძლებ და დაინახავ შენს თავს, დავიწყებულ სამშობლოსა და დაკარგულ ახლობლებსა და მეგობრებს. აქ მანძილი და დრო ერთიან რაკურსში აღიქმება და წარმოშობს მოარულ სიცივეს ადამიანში, რაღაც ენით უთქმელი გრძნობა რომ ვლინდება, ალბათ პირობითად სიყვარული რომ ჰქვია სახელად, ადრე რომ ვერ გრძნობდი და ახლა ერთბაშად ამოხეთქა დაუოკებელ სურვილად თავში გრძნეული გრძნობასავით, და ასე რომ გგონია, თავს გიხეთქავსო მონატრების სევდა.
გიყვარს, დიახაც, გიყვარს შენი ნატერფალი, იქამდე მეტყველება მშობლიურ ენაზე - გამართულად დალაპარაკება, უცხოობაში ყოფნისას რომ მოკლებული ხარ ასეთ სიამოვნებას, რადგან იქ შენში სიამოვნებად არ აღიქვამ ამას. აქ კი ენას, დიდი ლოდივით სიმძიმე აწევს და ზეწოლით დამძიმებული წყდება ეს ლოდი და რაკრაკა წყაროსავით მეტყველებ მშობლიურ ენაზე ყოველგვარი ბორძიკის გარეშე, როცა იცი, რომ იგი შენია და არც ერთ შეცდომას არ დაუშვებ მეტყველებაში, სწორად და მიგნებულად გამოხატავ აზრებს, იმ უცხო ენაზე რომ გაგიჭირდება ხოლმე. ბავშვობის ენაზე თავისუფლად ჩამოაყალიბებ აზრს, შეძენილ ენაზე კი ამ ჩამოყალიბებულ აზრს თარგმნი და უნდები შესაბამისი სიტყვების მოძებნას და მაინც ის ძარღვი იკარგება ნათარგმნ-წარმოთქმულში, მშობლიურ ენაზე რომ გართულების გარეშე წარმოითქმებოდა, რადგან ენა თავისუფლად ტრიალებს პირში. და ყველაფერი ეს მშობლიურობის ფენომენმა შექმნა, როგორი ვირტუოზი პოლიგლოტიც არ უნდა იყო. შემოინახა კი ყველაფერი ეს, ეს სიმდიდრე ირეალურმა სამყარომ:
სიზმრებში მეტყველებდი და ამეტყველებდი ნანახსა და განცდილ გარესამყაროს მხოლოდ მშობლიურ ენაზე, მშობლიური მზერით - სატრფოს მშობლიურ ენაზე უხსნიდი სიყვარულს, მტერსაც მშობლიურ ენაზე სცემდი საკადრის პასუხს, შფოთავდი და ისვენებდი მშობლიურ ენაზე, ამიტომაა, რომ გენანება ხშირად სიზმრიდან გამოსვლა, ისეთი ტკბილია, და როცა შეხედავ შენს წინ არსებულ რეალობას, რაღაც უცნაური ძალის სევდა შეგიპყრობს, ნოსტალგია დაარქვეს ამ გრძნობის გამოვლინებას, და მიტომ.
გიყვარს, პირველყოვლისა, მამა-პაპეული საძვალე და ერთ გოჯ მიწაზე შენს მიერ დაღვრილი უკანასკნელი ცრემლი. გრძნობ თითქოსდა უხერხულობას "ღალატისას"... და მაინც არა, საკუთარ თავში რომ ჩაიხედავ, ვერ აღმოაჩენ ნიშანს ღალატისას. უფრო ბედით თუ უბედობით გამოწვეული იძულება დაიხატება და ჩაეჭიდები ამ აზრს, რომ შენ არა ხარ მშობლიურ საფლავთა "მოღალატე"... და თუ კიდევ ზედ დაამატებ უცხოობაში შენს ნამოქმედართა მცირეოდენ ნუსხასაც, ცოტა არ იყოს სიამაყის გრძნობით შეიძლებ გადახედო აქედან იქ საყვარელ საფლავებს, - რომ ჯიშისა და გენის ხაზი არ გამწყდარა. მერე კიდევ, იმ ფიქრების შემდეგ გრძნობებში ჩაილექება ეს ნაფიქრ-ნააზრევი და იმავე ღამით თუ არა, რომელიღაც უახლოეს ღამით სიზმრად ნახავ შენს საყვარელ სახეებს ცოცხლად; გაგიხარდება მონატრების წყურვილის შევსება. მწყურვალე - ვით დაეწაფები ამ ჰაეროვან ილუზიებს, და ყოველ წუთს მისტიური სიგრძე და სიტკბო მიეცემა. რა თქმა უნდა შენ შენსას ეტყვი, ისინი კი თავისას. ბავშვობითვე ნაცნობი და ნანატრი ხმა, ასე რიგად რომ გადაზრდილა მარად მონატრებად, განუგეშებს, თუ სანუგეშო ხარ, გაგამხნევებენ, თუ გასამხნევებელი ხარ, მოგილოცავენ, თუ მოსალოცი ხარ და ა. შ. და ყველაფერი ეს უწყვეტი ხაზი იქნება შენი სამშობლოსთან დამაკავშირებელი. ის დილის ნამივით დასველებული სასიზმრო ცვარი მხოლოდ და მხოლოდ ამის დასტური იქნება სწორედ და ტკივილად აგედევნება გრძნობები მთელი დღის განმავლობაში და დაელოდები ახალ დაღამებას ისე, როგორც ტელემაყურებლები ელიან მეორე დღის განსაზღვრულ საათს, რათა განაგრძონ წინა დღით დაწყებული რომელიღაც საინტერესო ფილმის მომდევნო სერიის ყურება, ე.ი. იყვარებ ღამეს, როგორც თრობის საათში თავდავიწყებით გადავარდნას, რათა ისედაც ბინდში ჩაფლულ უცხოობას არ შეხედო და გაკვამლო ოთახი, რათა გადაიწმინდოს გონების სამზერალი მწუხარე რეალობისგან და ფანტომებად გადაიშალოს მშობლიური ფანტაზიები ნოსტალგიის ელექსირში განზავებული.
... და ბოდლერისა არ იყოს, თუ ოდესმე გამოგეღვიძება და დაინახავ ცივ რეალობას, გადაიწმინდება პოეტური ხილვებიდან ზეფირი, ფილტვები შეივსება პრაგმატული ცივი რეალობის სიცხადით, სწორედ მაშინ და მხოლოდ მაშინ მოგენატრება ამ ერთიან განათებულ წყვდიადში არათუ მხოლოდ იმიერში გადასახლებულები, არამედ ამიერში დარჩენილებიც - შენი გულის ყველა ჩანაფიქრი. სიზმრებს მოგონებები შეენაცვლება და გაგახსენდება ისეთი რამ და ისინი, ვინც სხვაგან, სხვა დროს არ გაგახსენდებოდა არასდროს და დავიწყებისთვის იქნებოდა განკუთვნილნი.
პირველყოვლისა გაგახსენდება მშობლიური კერა, ყოველი კუთხე-კუნჭული შენი ხელ-შენავლები, ახლა რომ უშენობით არის შეცივებული კედლებში შენი არყოფნის დარდით. მოიძიებ აუცილებლად ფოტოსურათზე აღბეჭდილ შენს განვლილ ცხოვრების ეპიზოდებს და ერთ წერტილში შეჩერებულ ტკბილ წამიერებას. მოისურვებ ამ ფოტოსურათის ჩარჩოების მოსპობას თუ არა, გაგანიერებას, მათ ცოცხლად ამეტყველებას. მოგენატრება შენი შინ დაბრუნების წუთები, სახლში რომ გელოდებიან ან დედა, ან და, ან ძმები... მოგენატრება მათი ლოდინისა და შენი სიჩქარის მაგიურ რიტუალთა ერთობლიობა. მოგენატრება იმ საღამოს შენი დაგვიანებით გამოწვეული ნერვიულობა, შენი დაგვიანებითვე გამოწვეული შიმშილი შენიც და მათიც, მერე გაწყობილ სუფრაზე სულმოუთქმელად საჭმელს მივარდნა და ერთიანი მხიარულება შენი მოსვლით გამოწვეული. იმ კერძის გემო ახლაც, აქ, ამდენი ხნის შემდეგ გიელვებს მოგონებებში და მოისურვებ ისევ შეიგრძნო ის გემო და ნერვიულად აამოძრავებ პირს და ენას გადაუსვამ ბაგეებს. თანდათანობით მხატვრის მიერ გამოყვანილი სახესავით აღადგენ და გონებაში დახატავ ნაცნობ სახეებს, უკანასკნელ შუქ-ჩრდილამდე გაასწორებ ყველა ნაკვთსა და კონტურს. დაფიქრდები მათ მომავალ ბედსა და იღბალზე, დაგაინტერესებს მათი მომავალი.
მერე და, გონებაში შეძვრებიან ჭინკები და აამოძრავებენ ტვინის მძინარე ღარებში გარჩენილ ინტიმურ მგრძნობელობას. გაგახსენდება გულისმურაზი - სადღაც შორეულ გზა-შარაზე დაკარგული, ვინაც გასწავლა სიყვარულის ანა-ბანა, ჩამოგიყალიბა გემოვნება, პირველად რომ გაგათევინა ღამე და უძილომ პირველი გრძნობები წერილებსა და ლექსებში გათქმევინა. ღიმილით აწყლიანდება შენი თვალების სისპეტაკე იმ პირველი სიყვარულის დარად და დაგაფიქრებს იმ გულისმურაზის მომავალი - თუ რა გზებით უვლია, თუ რა ბედმა სად გარიყა... დაგაფიქრებს ეს სახე და გაგახსენდება შენი პირველი გულუბრყვილო ფიცი და მისგან ამ ფიცის დაჯერება, ხოლო როცა არიადნას ძაფივით გაგორდება ცხოვრების გორგოლაჭი, იმ შენი ფიცის ღალატით გამოწვეული შემუსვრილი შენი სპეტაკი გრძნობა შეგებრალება და სინანულის ძაფები ნაოჭებად დაღვრემს შენს სახისმეტყველებას.
მერე გონება გადაფურცლავს და მოიძიებს იმ მოგონებებს, სადაც დაიხატება შენი პირველი ეროტიული ურთიერთობა. ეშმაკურად გაიღიმებ და იმის ცნობისმოყვარეობაც დაგიღრნის გულს, თუ რა იქნა ის ქალი, ასე უმალ რომ მიიმალა შენი თვალსაწიერიდან. გაგახსენდება მეგობრები, მათთან ონავარობა, მერეა და, დაასკვნი - როგორ უცნაურად დაგვფანტა ცხოვრებამო. ჩამოარიგებ ვინ სად, როდის, როგორ დაიკარგა შენი სამზერალიდან. ერთია მხოლოდ, რომ გულს არ გააკარებ იმ ეპიზოდებს, თუ ვინ როდის რა გაწყენინა, ან თუ შენ აწყენინე. ყველაფერი ლამაზი წამოვა შენი გონებიდან, რაც დამაკავშირებელია შენს სამშობლოსთან. ჭორიკანა მეზობლებიც გაგახსენდება, საღამოობით ეზოში რომ ფუთფუთობდნენ და ფუთფუთობდნენ გვიანობამდე ზაფხულის თბილ ღამეებში.
გაგახსენდება, დიახაც, მთელს ამ მოგონებათა ოკეანის მსვლელობაში, როგორც დეკორატიული ატრიბუტიკა და მთავარი სახსოვარი მთელი გონების - სამშობლოს თვალწარმტაცი პეიზაჟები - ზღვა, მთები, მდინარეები, ტყეები, სოფლები და ლამაზად ჩარიგებული სახლები, კომლი კომლზე მიბჯენილი სამშობლო და ტიციანის სიტყვები გაგახსენდება: - "ნეტა სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი, სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი".
როგორადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ემიგრაცია ასე თუ ისე ნაადრევად აბერებს ადამიანს, ისრუტავს მის მაცოცხლებელ ენერგიას და ფიტავს ზეზეულად ზეგრძნობადობას. როგორი ახალგაზრდაც არ უნდა იყო, ნოსტალგიის შეგრძნება მაინც პირველ ყოვლისა მარაზმია ერთგვარი და ნებისმიერი ადამიანი უცხოობაში ნაადრევ სიბერეს განიცდის, საკუთარ თავში ჩაღრმავება და განცდილ-გადამხდართა შეფასება-გადაფასება ხდება უცხო ნიადაგზე. ბუნებამ საუკეთესოდ იცის ასეთი მაგალითები:
- ერთი ზღვის თევზი სხვა ზღვაში თავისთავად ზეზეულად მოკვდება, წყლებია სხვა, მიმოქცევაა სხვა, შეჩვევა-შეგუებაა სხვა. გაუცხოებაც იცის ემიგრაციამ და ისეთი გაუცხოება, რომ საკუთარი თავიდან მოინდომებ გაქცევასაც, მაგრამ იმ ერთს ვერსად გაექცევი. ასევე ვერსად გაექცევი ქვეყნიერებას, იმ ქვეყნიერებას, რომლის ერთ თავში შენ ხარ, მეორე თავში კი შენი სამშობლო. უხილავი ძაფებია გაბმული განუსაზღვრელი დროით. და მე ვიცი, რომ ეს ის ძაფებია, ნერვებს რომ ატოკებენ შენში და დღე-ღამის წრე-ბრუნვაში უცნაური მოუსვენრობა დაგჩემებია, საკუთარ კანში რომ ვერ ეტევი, ისე;
რომ გაკავებს აღიარება იმისი, თუ რა გინდა ასე ცხოვლად;
რომ გაკავებს წყრომა (თუნდაც უსაფუძვლო, თუნდაც საფუძვლიანი) აღიარო, რომ წყალივით გწყურია შენი სამშობლო, შენი ახლობლებ-მეგობრები, თუნდაც მტრები, რადგან ისინი, თუნდაც დაუძინებელი მტრები შენი თანამემამულეები არიან და შენ ერთი იმათგანი ხარ, ცხოვრების ქარიშხალმა რომ გადაგისროლა უცხო მხარეში. ესეცაა ნათქვამი: "ერთი კაი მტერი ასს გლახა მეგობარს სჯობია".
ახლა კიდევ გალაკტიონის იდუმალი ხმა ჩაგესმება და შენს სათქმელს იტყვის იქიდან - სამშობლოდან:
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით,
ო, მე არ ვიცი რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით.
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები,
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ეხლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?!
ჰო, საყვედური...
გაგახსენდება ყველაფერი, რისი გახსენებაც გწადიან და გაუყვები წანაკითხი წიგნის გვერდების ფურცვლასავით მოგონებათა გარდასული სიუჟეტების შლას, რათა მიაგნო სასურველს. აქ უკვე ცნობისმოყვარეობა ჩაერთვება საქმეში, დაუსრულებელი სიუჟეტების გაგრძელების, ან თუ დასრულების უცნაური ინტერესი. გაგიკვირდება, ყოფიერება რომ დამკვიდრდა დაუკითხავად, წარუშლელად და შეულამაზებლად ცნობიერებაში, ცნობიერებაში, რომელიც სილამაზის ელფერს ანიჭებს ყოველდღიურობის არითმეტიკას. კალენდრის ფურცლები კი დათვლიან თავისას, მეზღვაურებიც დათვლიან განედებსა და გრძედებს მინუტებში, გადაინაცვლებს სუბიექტი დედამიწის ერთი ნახევარსფეროდან მეორეში, ერთი სამყაროდან მეორეში და ყველაფერი ის - ის ყოველდღიურობა ისტორიულ კანონზომიერებად გადაიქცევა, რადგან დიალექტიკა თავისას იზამს.
ჰოდა, ასე, ამინანქრებს წარსულის ხავერდოვან ზღაპრებს გონება და ლოცვად დავარდები ღვთის წინაშე, ჰო, ლოცვად... ყველაზე ძლიერ ძალას მოუხმობ, რათა სიმარტოვის სიცარიელე შეგივსოს.
უფალი განუგეშებს და შეგიფარებს, რადგან
- შენ ის ადამი ხარ, რომელიც თავისი პირველ-სამშობლოდან გამოაძევეს და სულით ხორცამდე გენატრება მისი თვალის შევლება;
- შენ ის ადამი ხარ, რომელმაც შთამომავლობას უფლისკენ და სამშობლოსკენ სავალი გზები დაუტოვე ჩაუხერგავი;
- შენ ის ადამი ხარ, რომელთანაც იწყება განთესვა და მაინც მარადი დაბრუნება სანუკვარ რიტუალად აქციე;
- შენ ის ადამი ხარ, რომელმაც მითიურ საბურველში გახვიე სამშობლოს გაგება და მისტერიებში განალაგე მისი ყოველი ატრიბუტი;
- შენ ის ადამი ხარ, რომელსაც წაგართვეს პირველბოძებული და სიზმრებში ოცნებობ ედემის სანახებში კვლავ განავარდებას;
- შენ ის ადამი ხარ...
No comments:
Post a Comment