სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები, ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები"...
ლადო ასათიანი
გარდასული წლის მისტერია
ახალ წელს ყველა თავისებურად, საზოგადოდ დამკვიდრებული ტრადიციით აღებს ზღაპრეთის კარს და გადადის მისტიურ წარმოსახვებში და ასე ფანტაზიების მრავალფეროვნებით იწყებს ახალი წლის ათვისებას.
ყველა ქვეყანას თავისებური წესები და ჩვევები ჩამოუყალიბდა საუკუნეებითგან მოყოლილი შობა-ახალი წლის შესახვედრად. ატრიბუტებიც კი ორიგინალური გააჩნიათ, - ვინ ნაძვით, ვინ თოვლის ბაბუით, ვინ "სნეგუროჩკით", ვინ ბენგალიური მაშხალით, ვინ აბანოში, ვინ სუფრასთან, ვინ ქუჩაში, ვინ შინ, ვინ სტუმრად, ვინ კარნავალზე, ვინ უკარნავალოდ და ა.შ.
ერთი კია, რომ ზღაპარი ყველასათვის თანაბარზომიერად საკრალურია - დიდისთვისაც და პატარასთვისაც, ქალისთვისაც და კაცისთვისაც, მოხუცისთვისაც და ბავშვისთვისაც.
ამ ზღაპარში კეთილ-ბოროტის გარჩევა არ არის, აქ ყველა კეთილია და ყველა უნდა დასაჩუქრდეს სანუკვარი ოცნების ახდენით. ოცნებაც ნამდვილდება ათასგვარ და ათასფერად ბრჭყვიალებაში, რაღაც უცნაური სიხარული ეუფლება გულს - ბავშვები მათთვის ჯერ შეუცნობად და ჯადოსნური ქვეყნის გაცნობიერებას ესწრაფიან, დიდები კი ბავშვობის უცნაურად ლამაზ სამყაროში დაბრუნებას ლამობენ. ორთავე შემთხვევაში საახალწლო დღეებში ოცნება ყველას უსრულდება. ნაახალწლევს კი ყველაფერი ისევ თავისი კალაპოტით მიდის, - ცხოვრება დუღს, ხალხი ისწრაფიან, ვინ სად ირევა ორომტრიალში ჩართული, ვინ სად, თვალიც თანდათან ეჩვევა წელთაღრიცხვის ერთი ციფრის შეცვლას მეორეთი. აი, ამის შემდეგ ახალი წელი და მისი მისტიური შემობრძანება თავის პეწს კარგავს.
მაგრამ ჯერ კიდევ არ დამდგარა ახალი წელი და სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში განწყობილება ივსება შთაგონებებითა და აღფრთოვანებით. საახალწლო შენაძენები ერთ-ერთ უმთავრეს ტკბილსახოვრად დარჩენილ და სიცხადით შევსებულ ნივთებად რჩება. მიდიხარ, დახლთა უსასრულობას ჩაუვლი და თვალი ჭრელდება ათასგვარი საჩუქრებით. რა გინდა სულო და გულო, მოკიდე ხელი და იყიდე, სანამ თვალი გაძღება ამ მრავალფეროვნების ცქერით, თანაც სიხარულის ნერვიულობისგან თრთოლას აყავხარ, რადგან იცი შინ გელიან და არათუ ჩვეულებრივად, როგორც ყოველდღიურობისას, არამედ სულმოუთქმელად. გელიან, რომ იხილონ შენს მიერ გაკეთებული არჩევანის გემოვნების სილამაზე. ვიღაც მოგიწონებს, ვიღაც კი გეტყვის, - ეს კარგია, მაგრამ მე ეს მინდოდა, აქა და აქ იყიდებაო. შენ დააწყნარებ საყვარელ ადამიანებს, - ხვალ ისევ წავალ და მოგიტან, რისი ყიდვაც დამაკლდაო. და მართლაც, მეორე დღეს ავსებ სურვილთა დანაკლისს. ერთი სიტყვით, ყველანი კმაყოფილნი არიან. შენც მათთან ერთად, სიზმარეული მოლოდინით გადაღლილი რულმორეული, მაგრამ თავს ძალადატანებული ყოჩაღად ელი ახალწლის დადგომას.
მერე არის და, აწყობ ნაძვის ხეს. ზოგი სათამაშო ტყდება, ზოგი არა. არის საყოველთაო მხიარულება. ნაძვის ხე ხომ ზღაპრის რეალური განხორციელებაა, რადგან იდუმალი ბრჭყვიალება და ოცნების მატერიალური გამოხატვა ფერად ბურთებშია და გაბნეულია მთელი შენი ოცნებათა კორიანტელი სიმწვანეში. და სიმწვანე ფერმკრთალდება ამოდენა ზღვა მრავალფეროვნებაში. გრძნობ, როგორი მდიდარი ფანტაზიით შემოსე ნაძვის ხე, რაშიც ჩააქსოვე მთელი ესთეტიკა და გსიამოვნებს, როცა დასვენებული უმზერ ბავშვური გულის ფრიალით სათამაშოებითა და ბრჭყვიალა წვიმებით შევსებულ ტოტებს, რასაც ერთიან ჰარმონიად ავსებს ციმციმა ნათურები, გარდამავალი მიმდინარეობით დანთებული.
იქვე, როგორც წინაპართაგან წარმართული გადმონაშთი, ფოჩიანი კანფეტებით შევსებული ჩიჩილაკი დევს. უმზერ ჩიჩილაკს და ფიქრობ მასში ჩაქსოვილ სიბრძნეზე, ლაბირინთებივით რომ იკარგება ათასწლეულთა წიაღში. თანაც გიხარია, რომ ჩიჩილაკი შენს მეტს არავის გააჩნია დედამიწის ზურგზე და საახალწლოდ მოსულ სტუმრებს აოცებ ამ უცნაური ხით, პოეტური იდუმალებით დახუჭუჭებული ბუჩურტოტებით, ყველაზე სკანდალური ფანტაზიის მქონე მხატვარი რომ ვერ დახატავდა და მწერალი ვერ აღწერდა.
ათინათები დაეფინება წინწკლებად მას და ზღაპრული ზანზალაკები გონების ფარგლებში მოქცეული იმღერებენ ალილოს. ისე გესიამოვნება, რომ ცრემლები წამოგივა, ის კი, ის მადლიანი ზანზალაკები მრავალხმიანობაში ჩაიწკრიალებენ,
- "ჩი-ტი, ჩიტი ღობეზე შემოჯდა,
იძახოდა ქრისტეშობას და...
ო, ჰო, ჰოი, ჰოი, ალილოოო!".
ქრისტეშობის მახარობლებიც მოგვახარებენ კარზე,
- "ჩვენ-მა... ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ქრისტეს მახარობლები ვართ და...
ო, ჰო, ჰოი, ჰოი, ალილოოო!"მერე კიდევ მარანივით ხვავრიელობას მოგვამღერებენ,
"კი-ჭი... კიჭი, კიჭი, კიჭებიო,
დაგეზარდოთ ბიჭებიო..." დაგვლოცავენ.
ბოლოს ეს ღვთისმახარობელი ლამაზი ბიჭები თუ ცხოვრების ანგელოსები დაიგალობებენ,
- "მას-პინ... მასპინძელი ლამაზია,
გადმოგვიგდებს აბაზიანს და,
ო, ჰო, ჰოი, ჰოი, ალილოოო!".
ლამაზი მასპინძელიც კალათში ჩაულაგებს ათასნაირ ნუგბარს, მანდარინს, ვაშლს და რა ვიცი კიდევ რას არა, თანაც ჭიქას აწევს და ქრისტეს შობას დაილოცება, მიულოცავს მახარობლებს, მიულოცავს მთელს ქვეყნიერებას და სათითაოდ დაალოცვინებს ოჯახს კარსმომდგარ ცხოვრების ანგელოსებს, დიასახლისიც შეაცდევინებს მახარობლებს, სანამ ცხლად გამომცხვარ ღვეზელს არ შემოატარებს წელზე და არ დაურიგებს ყველას თავ-თავის კუთვნილს. მერე წავლენ თავიანთ გზა-შარზე ბიჭები და გაიმღერებენ ქუჩა-ქუჩა -
"ოც-და... ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო და,
ო, ჰო, ჰოი, ჰოი, ალილოოო!"
და რა კარგია ყველაფერი ეს, როცა შენ საკუთარ სახლში ხარ, საკუთარ ჭერქვეშ, ახლობლებში, მათ სიყვარულში გარემოცული, მაგრამ...
ისტერიული მონატრება
თვალნათლივ მახსენდება მხატვრული ფილმის "არაჩვეულებრივი გამოფენის" ფინალური სცენა. აგული ერისთავის მოწაფე ზაური (ტო ესტ ევგენი) რომ იყვირებს გახარებული "ამისგან მე გავაკეთებ" (და მრავალწერტილი). საფიქრებლად ავტორმა ჩვენ დაგვიტოვა, თუ რას გააკეთებდა იგი.
გააკეთა!
- "პიკასოს ბიჭი"! ეს უკვე მომავალში მოხდა, წლების შემდეგ, ათასმა წყალმა რომ ჩაიარა თეთრი ხიდის ქვეშ, გააკეთა, და მერე როგორ... მაგრამ არა პოროსის მარმარილოდან...
როგორ გაიხარებდა პიპინია, რას იტყოდა ნეტავ? პიპინიასი რა მოგახსენოთ, და მეც არ ვიცი რას ვიტყვი ცოცხლად რომ ვნახო ეს ქანდაკება, იმდენად დიდია ემოციები მონატრების, - ალბათ გრძნობებით ამაღლებული რიონში გადავხტებოდი და მთელის ხმით ვიყვირებდი: "ლ’ამპრედუზო მედუზო!", ისე ვიყვირებდი, რომ შევძრავდი ქვეყნიერებას, ისე ვიყვირებდი, რომ დავიცლებოდი მონატრების წყურვილისაგან, ისე ვიყვირებდი, რომ ოკეანეებს გადასწვდენოდა ჩემი ხმა და აქ, ამ უცხოეთში გაეგონათ იგი და ეთქვათ: რა ძლიერი გრძნობაა ნოსტალგიაო.
მერე, გავწვებოდი თეთრ ქვებზე და ვიძინებდი ერთხანს, არ მოვცილდებოდი დალოცვილებს. ჩემი იქნებოდა ყველა მათგანი და მე დიდი გული მექნებოდა ასეთი ლამაზი სამშობლო რომ მაქვს. ფეხშიშველი შემოვირბენდი თეთრი ხიდის ყოველ კუნჭულს. საუკეთესო რაკურსებს შევარჩევდი, რომ ქუთაისის ლანდშაფტით დავმტკბარიყავი. ოქროს ჩარდახის მხცოვან ჭადარს ჩავეხუტებოდი და პატარა ბავშვივით ავტირდებოდი.
მერე ნიავი, ალბათ წყალტუბოდან ქუთაისში წამოსული, მომიალერსებოდა და თმებს ამიჩეჩავდა. ვარსკვლავებითა და მთვარით რომ დაიხატებოდა ღამეული ქუთაისის პანორამა, ღამისმთევლებივით თითოეულ ვარსკვლავს დავთვლიდი ქუთაისის ცაზე, და თითოეულ მათგანს ყველა ჩემს მეგობარს მივუძღვნიდი. არ მეყოფოდა, მაგრამ მაინც. მერე მიმოვიკითხავდი ამა თუ იმ ვარსკვლავს
- "რა იქნა, სად წავიდაო?".
გულს დამწყვეტდა მათი გაუჩინარება. გავიცნობდი ახალ შემომატებულ ვარსკვლავებსაც ,
- "ეს ესააო, ის - ისაო", - მეტყოდნენ... და გამიხარდებოდა რომ, ქუთაისის ცა ისევ კაშკაშა ვარსკვლავებით არის მოჭედილი.
მერე სიზმარი დასასრულს მიუახლოვდება და ნელ-ნელა დავიწყებ თავდავიწყებიდან გამოფხიზლებას. გავახელ თვალს და, ჰოი, საოცრებავ, მე ჩემს სახლში ვარ, იმ სახლში, რომელიც უკვე მერვე წელია დავტოვე... და ისიც ისეთივე მხვდება; გადაშლილი გაზეთი იმავე გვერდზე, რომელზედაც დავტოვე; ჩემი მაგიდა, ფურცლები, ის ფურცლები, რომლებზეც ვწერდი და ვერ მოვასწარი ბოლომდე დაწერა და იმ ადგილზეა შეწყვეტილი წინადადება, სადაც მაშინ შევწყვიტე.
გამიკვირდება, დიახ, გამიკვირდება, - ასე ძლიერ მელოდით?!
და მე შევყვირებ პირველყოვლისა ჩემს სახლს პეტრე გრუზინსკის სიტყვებით: "ისე მიყვარხართ, ჩემო კედლებო, როგორც მიყვარდით მაშინ!".
მერე ამ ჩემს ხმაურზე გამოეღვიძება ჩემს საყვარელ ადამიანებს, და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ერთ მთლიან ოჯახად, როგორც დავტოვე ამ რვა წლის წინათ, თითქოს არც ყოფილიყო დიდი პაუზა უჩემობის, ისე შემეგებებიან.
ხმა გავარდება ჩემი ჩამოსვლის შესახებ, ბევრი მოვა მოსანახულებლად, ბევრიც თავისი ახლობლის ამბის გასაგებად, მე თუ ვიცი რაიმე მათ შესახებ. გაუხარდებათ ჩემს მეზობლებს, შეიკრიბებიან ეზოში, ჩამისვამენ შუაში და შუა ღამემდე მომაყოლებენ ამბებს, ათასი კითხვით დაინტერესდებიან, როგორც იციან, თავიანთ საზოგადო პრობლემებსა და გასაჭირზე მიამბობენ ამერიკულ ცხოვრებასთან შესადარებლად, რომ მერე დასძინონ დანანებით - "ესაა ცხოვრება?!".
მეც არ დავიღლები მათთან მუსაიფით, შევივსები მშობლიური სიყვარულის ენერგიით. მერე ყველაზე ძვირფას მეგობრებს მოვინახულებ, ზოგს ქალაქის ერთ თავში, ზოგს კიდევ მეორეში, ვისაც გაუხარდება ჩემი ნახვა და მეც გამიხარდება მათი ნახვა. მოვინახულებ ადგილებს, სადაც ვისხედით, ვმუშაობდით თუ ვლაზღანდარობდით. ზოგი მათგანი სახეშეცვლილი დამიხვდება, მაგრამ მეხსიერება ნათლად აღადგენს ინტერიერის პირველყოფილ სახეს, გაუცხოების ელემენტებს დაჩრდილავს მოგონებათა ნათელი შთაბეჭდილება.
მერე იქნება და, შევივლი ჩემს საყვარელ სტამბაში. იქაც ბევრი რამ შეცვლილი დამხვდება, ბევრი რამ არა. ისევ მხნედ დამხვდებიან ჩემი ძველი მეგობრები, ვის ხელშიც კაცად ჩამოვყალიბდი...
მოვიკითხავ, დიდი სიყვარულით, ძველი თაობის უკანასკნელ მოჰიკანს - ჩემს ლეილა ლაითაძეს, დაუღალავს და მუდამ კეთილი ღიმილით მოსილს, მოვიკითხავ და ვეტყვი - კეთილი იყოს ახალი წლის შემობრძანება ჩვენში. მომინატრებდა ლეილა, ალბათ, ამდენი ხნის უნახავს და გამომკითხავდა ამბებს. ჩვენს ლაპარაკში არ იგუგუნებდა ბრტყელი ბეჭდვის მანქანები, არც ოფსეტები ისისინებდნენ წყნარად... რამდენი რამე გვექნება ერთმანეთისთვის სათქმელი, ვინ იცის. გამახსენდება შესვენებაზე გაყოფილი ლუკმა, ელექტროღუმელზე გახუხული პური, პატარა ობოლი ბავშვისათვის და დღეს ეს პატარა ბავშვი ამერიკულ ცხოვრებანანახი ცრემლებს გადაყლაპავს ამ ტკბილმოსაგონარი წარსულის გახსენებით.
მერე?! მერე ალბათ ეკლესიებს მოვილოცებ, რათა ღვთის მადლი მთელი სიცხადით შევიგრძნო. ვილოცებ, ძალიან ბევრს ვილოცებ, რათა უფალმა შეისმინოს ჩემი ვედრება და დაინახოს ჩემი გულის სიწრფელე. ვემთხვევი ხატებს, წმიდა ხატებს შევავედრებ ყველას, ვისაც ვიცნობ ოკეანის გაღმა-გამოღმა, მთელს ჩემს მამულს, რათა დაიცვას გარეშე და შინა მტრებისგან, ხილული და უხილავი ბოროტებისგან. დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მოვწყვიტავ მზერას წმიდა ხატებისგან, რათა ღვთივმადლიანი სითბო შემოვიდეს ჩემში. ყოვლად წმინდანთა ხატებანი მადლმოსილი მზერით გაალღობენ სიცივეს ჩემში, უსამშობლობითა და უთვისტომობით წარმოშობილ სიცივეს. წმიდა სანთლები ღმერთამდე აიტანენ ჩემს ლოცვა-ვედრებას. მერე ქორო შეასრულებს ქართულად უფლისადმი საგალობლებს და ჩემი სიხარული მონატრებით გამოწვეული პირთამდე შეივსება, შეივსება მთელი ჩემი მომდევნო ცხოვრების შინაარსი. მოძღვარი დამლოცავს, გადამსახავს პირჯვარს, ჯვარზე მამთხვევინებს და ტკბილად მომიკითხავს.
მერე ასეთი გრძნობებით დატვირთული გამოვალ ქუჩაში და ნელ-ნელა წამოვა ციდან სპეტაკი თოვლი, როგორც დასტური წმიდა გრძნობების გასხივოსნების. მე კიდევ მაღლა ავწევ ხელებს და გახარებული შევისუნთქავ სამშობლოს არომატს და ლადო ასათიანის არ იყოს, ფილტვები მეტკინება და დამებერება, "დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ..."
უპირველეს ყოვლისა გავივლი ბაღისკიდეზე და ჩემს ბაღისკიდის კაცებს მოვინახულებ. ზოგი თვალში მომაკლდება, ზოგი შემიცნობს, ზოგიც ვერა, მაგრამ მე ყველას ვიცნობ, რადგან ქუთაისში ვიქნები, მისი ნერვიული სისტემის ეპიცენტრში - ბაღის კიდეზე და ვიხილავ პირველი თოვლის სილამაზეს და ძია კაცების ტკბილ მუსაიფს დავუგდებ ყურს. მთელი ცხოვრება გამყვება საგზლად ეს სასიამოვნო ხილვა.
ვიხილავ ძეგლად წამომართულ დები იშხნელების მონუმენტს, ქუთაისის პატარა ქუჩების აივნებიდან რომ მოისმოდა გიტარაზე დამღერებული "სულიკო". შევხედავ ამ ძეგლს და ძეგლიდანვე დუმილის სიცივეში ყურს მივუგდებ შინაგანი ენერგიიდან ამღერებულ სტრიქონებს - "საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო, გულამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ ჩემო სულიკო..."
ერთი დიდი ქალაქი - მიწისქვეშა ქალაქი რომაა, ხატოვანი თქმით, ყველა ქალაქსა და სოფელს გააჩნია. სადაც სიცოცხლე მოძრაობს მარადი დაუღალავი ენერგიით, იქვეა ასეთი ქალაქი სიცოცხლის განსასვენებლად. სასაფლაოს ვგულისხმობ ამ სიტყვებში. წავალ ამ მდუმარების ქალაქში, მოვინახულებ ჩემი დედ-მამის საძვალეს - ჩემი სამშობლოს საკრალურ და სანუკვარ მიწას. ჩავიკრავ გულში მიწას, მათ გულზე დაყრილ მიწას და ჩვენი გულები - ჩემი ხორციელი და მათი მიწადქცეული შეესიტყვებიან ერთმანეთს. მშობლიური ალერსით გამითბობენ გულს, რადგან უკვე მერამდენე წელია დანატრული ვარ ამ სითბოს, განსაკუთრებით ემიგრაციაში. ემოციებიც გადაიფარება მდუმარებაში და სიცოცხლე მარადისობაში გადაინაცვლებს. მერე ისევ შემომესმება ლამაზი ფერიების ხმა - "სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო..." და თვალები დაუწყებს ძებნას ფოთლებში მიმალულ ბულბულს. აქა-იქ საფლავის ქვებიდან ნაცნობი სახეები გამოანათებენ, მერე სადღაც მართლაც ვიპოვი საყვარლის საფლავსა და ბულბულს. მერე შორეული ქოროები იგალობებენ სულთათანას და ჩაეღიმება მესაფლავეს მწარედ, რადგან იცის ყველაფერი, თუ როგორ ხდება. მერე სასაფლაოს თბილი საბურველივით გადაეფინება თოვლი და სიკვდილიც კარგა ხნით დაიძინებს და საახალწლო მდუმარებაში ჩაეფლობა მკვდართა ქალაქი.
და მაინც ჩვენში...
ჩვენში ყველაფერი გასაოცრად მიმზიდველია - თეატრალიზებული სამყარო გასაოცარ იუმორში დაინთქმება და ყველა გულიანად გაიცინებს. შევალ თეატრში, ჩემს მონატრებულ თეატრში და დავესწრები რომელიღაც სპექტაკლს და სპექტაკლის შემდეგ კულისებში დამელოდებიან ჩემი მეგობრები, გავიხსენებთ გარდასული დროის ტკბილსახსოვარს და ყველაზე ძლიერად დაინთება რამპები. დაიწყება საახალწლო დღესასწაულისათვის მზადება. მეც ჩემებურად ჩავერთვები ამ მარაქაში და ვიმხიარულებთ.
ბულვარში დაინთება ფერად-ფერადი ნათურები, ღამის ქუთაისი განათდება ნაირფერადოვნებით. გავივლი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ქარი იზმუილებს და ტანში გამცრის ყინვა, მაგრამ არ დავიწუწუნებ სიცივეს, რადგან ვიცი, სახლში მელოდებიან. მივალ შინ და მისაყვედურებენ - რატომ დაიგვიანეო, გელოდებოდითო.
მე კიდევ ვეტყვი, ვინ მოვინახულე, სად ვიყავი და ხვალისთვის რას გავაკეთებ. ალბათ, ისევ დავიწყებ, როგორც დავიწყე დღეს, გავირბენ ქუთაისის გარეუბნებში და ბუნების წიაღში განვმარტოვდები, ჩამოცვივდება ხეებიდან უკანასკნელი ფოთლები, როგორც კალენდრიდან უკანაკსნელი ფურცელი და ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრების მისტიური განმარტოვება ყველაზე ნაყოფიერია, როდესაც შინ იმყოფები, გეიმედება და ეიმედები გარესამყაროს, იცხოვრებ, იბრძოლებ და იღვაწებ მშობლიურ სავანეში.
ღამეებიც გაიწელება უსაშველოდ გრძელი ზღაპარივით და დაელოდები საათის ზარს, რათა გამცნოს ახალწლის შემობრძანება, რომ არავინ მოგასწროს დალოცვა.
და მერე...
და მერე გადაივლის ზამთარი და სულშიც დათბება. ბულვარში ბულბული იჭიკჭიკებს და ხალხი გამოვა მზეზე. ნეტარი ზმანებიდან გამოსული ისევ ნიუ-იორკის ქუჩებში აღმოვჩნდები და სიცოცხლის ახალი დაინტერესება ჩაიბუდებს გრძნობებში და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მონატრება მომდევნო წლის ბოლოსთვის მაინც განვახორციელო რეალობად. აი, მერე და სწორედ მერე დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა ჩემს ცხოვრებაში და მე თავისუფლად ვისუნთქებ ჩემი ქუთაისით. მდინარის დამთბარი წყალი ქვებზე ჭახჭახით გაუყვება დასავლეთისკენ და კალმახები მდინარის აღმა დაიწყებენ ცურვას. მერცხლები დაუბრუნდებიან მიტოვებულ ბუდეებსა და სწორედ მათ გამოვგზავნი ჩემი გულწრფელი სალმით. და ჩემს ნასახლარს გააცოცხლებენ და აღარ იქნება, აღარ დარჩება საქართველოში არც ერთი ნასახლარი, რადგან მე ჩემი მერცხლებივით ადრე თუ გვიან აუცილებლად დავუბრუნდები მშობლიურ კერას და ჩემს ქუთაისს.
ეს ახალწლის გულწრფელი სურვილია, რომელსაც მრგვალ ჩახჩახა და ლამაზ სათამაშოს ჩავუთქვამ, ან ფოჩიანი კანფეტის სახით შევაბავ ჩიჩილაკს და ჩემი ნატვრის ხე ამისრულებს ნატვრას.
1 comment:
,,უნდა ასრულდეს რაც გენატრება,
უნდა გაფრინდე შენს ქუთაისში~
Post a Comment