September 26, 2009

დიდი მადლობა, დედა!


ბევრი რამ დავიწყებას მიეცა, ჩემი ქუთაისის ვარდ-მაისობაც ნისლით იფარება ჩემს მეხსიერებაში. ერთი რამ კი არამც და არამც მავიწყდება. ის კი არადა, შემიძლია თვალი დავხუჭო და ფერებში აღვიდგინო ის წამი, ის მომენტი... სკოლის კლუბში ფილმ „სხვისი შვილების“ ჩვენებისას გვერდით მჯდომმა უფროსკლასელმა საჩვენებელი თითი ჩემსკენ რომ მომართა და სხვათა გასაგონად შემეკითხა: შენც ხომ გყავს დედინაცვალი?
მას შემდეგ შემძულდა ეგ სიტყვა. და მგონია, რომ არათუ ჩვენს ცხოვრებაში, ლექსიკონის ფურცლებსაც სტკივა ამ სიტყვის არსებობა.
მეფისნაცვალი?! კი, ბატონო!
დედინაცვალი?! არამც და არა!
მაწვნის იმ ერთ ციცქნა შემქმნელს თუ „დედოს“ ვეძახით... სხვისი შვილების გამზრდელმა რად „ინაცვლა“?!
ჩემი დედიკო - მანანა შარაბიძეა...
ეს „ტიტული“ 21 წლის ქალიშვილმა მას შემდეგ მოირგო, რაც მე და ჩემი ორი ტყუპისცალი, წლინახევრით უფროს ძმასთან ერთად 1 დღისანი დავობლდით.
„დედის ამაგს ხელისგულზე ერბო-კვერცხის შეწვითაც ვერ გადაიხდიო“ - ბავშვობაში მასწავლიდნენ. მაშინ არც მიფიქრია მასწავლებლისთვის მეკითხა, სხვისი ობლების გამზრდელ დედასთვის თუ რითი შევძლებდი ამაგის გადახდას.
მას შემდეგ ვფიქრობ იმ დაუსმელ შეკითხვაზე.
პასუხი ახლაც არა მაქვს!
მახსენდება, თუ როგორ სათუთად ინახავდა დედა ჩემს პირველკლასელობისას ნაჩუქარ, ჩემივე ხელით დახატულ სარვამარტო მისალოცს (მაშინ 3 მარტი ჯერაც არ არსებობდა), მასთან ერთად კი სალფეთქზე დაწერილ ჩემს პიონერულ ფიცს, რომ ცხოვრებაში სიგარეტს აღარ გავეკარებოდი.
ვფიქრობ, იმ მისალოცში სათუთად გამოყვანილი სიტყვებიც შევასრულე, რომ მუდამ მეყვარებოდა, და ხელსახოცზე დაწერილი ფიციც.
თუ დედას უღალატებ, მერე სამშობლოს ღალატიც ადვილია!
იქნებ, სამშობლოს ღალატიც დედის ღალატია?! მისი დამღერებული იავნანის უმადურობა...
ამ სურათს, ამ წერილს რომ ახლავს, ლამაზი სახელი აქვს: „ერთი იავნანა სამისათვის“. ალბათ ამ იავნანებით, ჩურჩულით წაკითხული ზღაპრებით ხდებოდა ჩვენი დამყნობა - მოყვასის, ჩვენი ლამაზი ქალაქის, სამშობლოს სიყვარულთან, რომ შემდეგ ისეთი ნაყოფით გვეხარა, რომ ამაგი დაგვებრუნებინა.
არა ხელისგულზე „ყიყლიყოს“ შეწვით, არამედ მამულის სამსახურში დგომით!
ჩვენი, ტყუპების სახელების საწყისი ასოების ერთობლიობა ჩვენი მშობელი დედის სახელს კრავს:
მან-უჩარი, ან-ზორი, ა-ვთანდილი!
- მანანა!
და შენს სახელსაც...
მაშინ, როცა ამ სახელებს გვარქმევდნენ, ღმერთის ნებით, უნებლიედ, ჩვენს სახელებში ჩაიდო ის კოდი, რომ მადლიერება შენდამიც გამოგვეხატა, ზუსტად ისე, თანაბრად, როგორც მშობელი დედისადმი.
და სამთავე ძმას საკუთარ სახელებთან ერთად შენი სახელიც გვეტარებინა!
24 წლის დაგვიანებით მშობელი დედისადმი მიძღვნილ წერილში შენს მოსახელეს, ჩვენს მშობელ დედას ისიც ვთხოვე, რომ თუკი ოდესმე შენთან შეხვედრის ბედნიერება ერგება, ხელები დაგიკოცნოს, გულში ჩაგიკრას და დად მიგიღოს, - იმ დიდი გმირობისათვის, დიდი ქალობისათვის, რასაც სამი საშინლად ანცი ბიჭუნას აღზრდა ჰქვია.
რეჟისორი თემურ ჩხეიძე დედას, მედეა ჩახავას ყოველთვის ასე მიმართავდა თუ მოიხსენიებდა: „ქალბატონო დედა!“
ამ ორ სიტყვაში, ერთი შეხედვით არისტოკრატიულ მიმართვაში, მე ერთნაირად ვკითხულობ - სიყვარულს, კრძალვას, მოწიწებას და ფეხისწვერებზე სიარულის სიჩუმეც მესმის.
ნახევარსაუკუნოვან იუბილეს გილოცავ, ქალბატონო დედა!
დე-და!

2 comments:

მარი დევიძე.Mari Devidze. said...

dedashenistvis,sadac ar unda iyos,misi cxovreba,archevani da garja am madlobad girda.

ნინო კამლაძე said...

დღეს რაც გათენდა, მძიმედ დავდიოდი და ვიფიქრე - გავალ boardwalk-ზე, ვივლი, ცოტა განვიტვირთები-თქო, და ამ განტვირთვაში ფიზიკურ მოშვებას ვგულისხმობდი. მაგრამ სიზარმაცემ მძლია თუ შინაგანი გულისთქმა იყო, არ ვიცი, სიარული შუადღისთვის გადავდე და აქვე კომპიუტერთან ჩამოვჯექი, და რომ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ავდექი და ჩემს სკაიპს გადავხედე, დამაინტერესა ვინ იყო კიდევ ჩემსავით უქმად ამ უქმე დღეს, და ბევრი რომ არ გავაგრძელო, შენმა ბლოგმა დამაინტერესა. ჯერ პირველი წერილი წავიკითხე, მომეწონა, მერე მეორე, ისიც მომეწონა, მაგრამ მესამეზე კი გადახედვის თავიც აღარ მქონდა და თუ არ გეწყინება, მერე დავუბრუნდები...
მეორე წერილის წაკითხვა დავიწყე თუ არა, სულ მალე ვერაფერს ვხედავდი, მესმოდა მხოლოდ ჩემი ცრემლების იატაკზე დაცემის ხმა და არ გეგონოს რომ ამას მხოლოდ მხატვრულად ვაფორმებ.
ვტიროდი ცხარე ცრემლით და არა ისეთით, ნელა რომ მოწყდება თვალს, ზლაზვნით წამოვა სახეზე და ნიკაპთან გაჩერდება, ისე რომ იძულებული ხარ თითით მოიწმინდო...
კითხვა-ტირილის დამთავრებისთანავე დიდ სევდასთან ერთად დიდი შვება ვიგრძენი, ემოციურად განვიტვირთე!
და, ჩემო მანუჩარ, რადგანაც ქვეყანაზე შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება (როგორც სერვანტესი ამბობს) ალბათ მაგიტომაც დაველოდე ნოემბრის მზის ზენიტში გამოჩენას და გადავდე სიარული სილიან (we had a nor'easter storm) boardwalk-ზე, დავჯექი კომპიუტერთან და ვნახე ასე ტკბილი სამადლობელი შენი დედიკოსადმი მიძღვნილი...
პ.ს. გთხოვ, ჩემი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილე და მითხარი, რომელი რომელი ხართ, განსაკუთრებით მაინტერესებს დედას რომ უყურებს, ის რომელია? აი, იმ გამოხედვაში უფრო ბევრია თქმული სურათზე, ვიდრე შენს წერილში 29 წლის შემდეგ. რაღაცნაირად მივხვდი შენ რომ იქნებოდი, ბავშვობიდან დაყოლილი გქონია ეგ მადლიერების გრძნობა.