
-"ჭირიმე თქვენი"-ო, ამას ჩვენს სტუმარზე ლამაზად, ომახიანად და ვაჟკაცურად არც არავინ ამბობს. სიყვარულიც რომ გამორჩეული, რაინდული ჰქონია ამ მადლიანს?!
ქართველებს უამრავი ლეგენდად ქცეული ისტორია გვაქვს: გალაკტიონი და ემიგრაციას გადახვეწილი ქართველი ქალის ხატება მერი, ტიციანი და ფეხმოტეხილი ღრუბელი თამუნია წერეთელი, ფიროსმანი და მილიონვარდმიძღვნილი აკტრისა მარგარიტა, რეზო და გემბანზე, თიბათვის მზეზე შეყვარებული მედეა... და უკვე კახი და 28 წლის კაფანდარა, უსათნოესი ბელა...
დიახ, ქართველები ცაში მოცქირალი ხალხი ვართ... ვარსკვლავთმჭვრეტელნიც... და რა გასაკვირია, ვარსკვლავებში ბელაც ამოვიცნოთ და კახიც...
* * *
სიყვარულზე ვისაუბროთ-მეთქი, ვუთხარი და ბელა მოვიგონე, მინდოდა საღერღელი აშლოდა. თეატრზე და კინოზე სასაუბროდ მზადმყოფს უცბად ბელაზე, მხოლოდ ბელაზე საუბარი ვთხოვე. დიდხანს სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ თავი მაღლა ასწია და დაიწყო...
იმდენად კახისეულად, იმდენად კავსაძისეულად საუბრობდა, რომ გადავწყვიტე მისი საუბრის სტილი უცვლელად გადმომეტანა ფურცელზე, ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, როცა კი კითხულობ ამ საუბარს გაზეთში დაბეჭდილს, იქვე კახის ხმა ამოიკვეთება უტყვი ფურცლებიდან თუ სასტამბო საღებავებიდან და უშუალოდ ამ საუბრის მონაწილე ხდები... აბა დაუკვირდით!
* * *
- სიყვარულზე... ვისაუბროთ ბატონო... სიყვარული ეს ისეთი თემაა, რომ ამოუწურავია. ამ თემას თავიანთი შემოქმედება შესწირეს თუ ვინმე გენიოსი იყო დედამიწის ზურგზე, და მაინც ვერ ამოწურეს. ამოუწურავი იქნება ყოველთვის და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს. ლეგენდად ამბობენო? მე ეს ყოველთვის მიკვირდა... იმიტომ, რომ სალეგენდო არაფერი ყოფილა! მე ვარ ისეთი პროფესიის კაცი, რომ ჩემი ყველა მოქმედება ჩანს. ვაი, ჩემს თავს და ვაი ჩემი პროფესიის კაცს რაიმე თუ ჩეიდინა. იმწუთასვე დროშად ააფრიალებენ. მიკვირს მეთქი, წეღან გითხარი... კი არ მიკვირს, სასიამოვნოა...
თუ საქართველო დღევანდელ დღემდე მოვიდა, კიდევ რაღაც არსებობს და სუნთქავს, სიყვარულმა მოიტანა, მეტმა არაფერმა... ისეთი სიყვარულებიცაა, რომლებიც არ ჩანს და არ უკავიათ დროშასავით... ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს პატივს ვცემდით. უფრო მეტის ღირსი იყო და კიდევ ვერ მივუძღვენი, ის სიყვარული ვერ მივეცი ჩემს ცოლს, რაც ეკუთვნოდა. მე ასე ვფიქრობ... რა ვიცი, მეუბნებიან ხოლმე, შენაო, ცოლს უყვარდიო, არადა, მე მიყვარდა, თუ ვუყვარდი, ძალიან კარგი, თორე მე მიყვარდა და...
* * *
როგორ აღმოაჩინეთ, ამურის ისრით რომ მოიწამლეთ-თქო, ან პირველ პაემანზე მიამბეთ რამე-მეთქი, ისე შევეკითხე, როგორც ბუხრის წინ, ბაბუას კალთაში მოკალათებული შვილიშვილი ჩაეძიებოდა ტკბილ პაპას...
* * *
- პირველად ინსტიტუტში რომ მოვიდა, დავინახე და თავბრუ დამეხვა. აბა კაცცო! (შეცდომით არ გეგონოთ, დიახაც, კაცცო, რედ) ვერ ვუბედავდი ვერაფერს, იმდენად შორს იყო, რაფერ გავუბედავდი რამეს თქმას... და ასე ვატარებდი, ბოლოს ნამეტნავად რომ გადავვარდი, საოცარი რამ მოხდა... ყვავილებს დავუწყე ყურება. ყვავილებს ვუყურებდი ძალიან, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, და როდესაც ძალიან გადავვარდი...
- უკან გამოსასვლელიც რომ არ დაიტოვეთ?!...
- ხო... აღარაფერია დარჩენილი და... "რა ლამაზი ყვავილია?!", ვიძახდი თურმე. ჩემმა მეგობარმა მითხრა, კაცო, რა იყო, რა ყვავილების ძახილი აგიტყდაო. თურმე კაცი, როცა ნამეტნავად შეყვარებულია, ყვავილებს ამჩნევს და ყვავილებს უკვირდება... ყვავილებს დავუწყე ყურება, კაცცო! და... რა ლამაზი ფერია, რა კარგი სუნი აქვს, ვიძახოდი, თურმე... მერე მეც გამახსენდა, ასე გაბრუებული რომ დავიარებოდი. სასიამოვნო გრძნობაა ძალიან... შეყვარებულებმა სულ უნდა ეცადონ, რომ ერთმანეთი არ დაინახონ. უნდა იგრძნონ! სულ ბოლომდე გრძნობაში უნდა იყვნენ, თუ დაინახეს ერთმანეთი, ალბათ გაფუჭდება საქმე. დედა, ბიჭო, ეს მიყვარდა?! უიმე, ეს მიყვარდა კაცოო, მეო. ან ამას იტყვიან: უიმე, ეს ამხელა აყლაყუდა კაცი რანაირად, კაცო?! სულ ვცდილობდი, რომ არ დავენახე, სულ გრძნობებში ვყოლოდი...
მისი დანახვა ჩემთვის ყოველთვის პაემანი იყო. როდის მოხდა "პაემანი", პირველი შეხვედრა, მართალი გითხრა, არც მახსოვს. სულ ყოველთვის, მასთან შეხვედრა იყო ჩემთვის პაემანი, თეატრში რომ შევხვდებოდი, აი, ენა ნელ-ნელა ჩამივარდებოდა პირში.
- დანახვაზე თუ ენა გივარდებოდათ, მაშინ წარმომიდგენია, კოცნის შემდეგ რა დაგემართებოდათ...
- (დიდი პაუზა) ...მე ვიფიქრე... რაღაც პიკზე, რაღაც სიმაღლეზე, აი, ევერესტის იქით კიდე მაღლა, მთებში, მთლად ზემოთ... აუ, სად ავედი-მეთქი, ეს რა არის-თქო, კაცცო, ძალიან ამაღელვებელი იყო... სულ ვამაყობდი, რომ ეგეთი კარგი ცოლი მყავდა, სულ ვამაყობდი, ვერასდროს ვერ გავძეხი ამ სიამაყის გრძნობით.
- ქალბატონი ბელა როგორ ხედავდა? თქვენ როგორ დაანახეთ თქვენი სიყვარული, ან მან როგორ დაინახა?
- რა ვიცი, მე მიყვარდა და...
- თქვენსკენ რომ აპირებდა ნავის მოცურებას, ამას მაინც როგორ მიხვდით?
- რა ვიცი, მე მიყვარდა და.. (გაიღიმა), მე ბულდოზერივით მივაწექი მერე და... უკან რომ ვერ დაიხია, ალბათ მაშინ მივხვდი... ალბათ...
- რომელ ყვავილს შეადარებდით?
- ... რომელიც ჩქარა ჭკნება, ალბათ... დიდხანს რომ დგას, ლამაზია... შემომაჭკნა ხელში და... ძაან მაგარი ვიღაც იყო... მაგარი გოგო იყო... სულ აღფრთოვანებაში მოვდიოდი. ვერაფრით ვეცი ისეთი პატივი, როგორსაც იმსახურებდა სამწუხაროდ... სულ მუშაობაში ვიყავი, სულ თეატრი, სულ კინო, სულ რაღაცა... ჩემი ოცნება იყო, როგორმე ერთად, მთელი ოჯახი ბავშვებთან ერთად წავსულიყავით სადმე, ისე რომ არსად მეჩქარებოდეს. ვერაფრით მოვახერხე! არადა, ისიც ბედნიერებაა, თეტრშიც ვიყავი, კინოშიც ვიყავი, დაკავებული ვიყავი ყოველთვის და... ყოველთვის მოძრაობაში ვიყავი, და ის დრო მივუძღვენი ოჯახს, როგორსაც იმსახურებდა ჩემგან.
- რომანტიკოსი იყავით?
- რა ვიცი, რა არის რომანტიკა? მე სულ ბედნიერი ვიყავი! და სხვათაშორის, ერთი სიმღერა რომაა: "ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა-დაბრუნება, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო", რა სიმღერა ესაა-მეთქი, ვფიქრობდი... კარგი ცხენით ომში მიდის, კარგი ცოლი სახლში ხვდება... მართლაც! ყოველთვის მიხაროდა სახლში მოსვლა, რომ კარგი ცოლი მელოდებოდა. ასეა რა! არაფერი შემთხვევით არ ხდება არც სიმღერაში, არც ლიტერატურაში, არც მოქმედებაში, არც საქციელში... ეჰჰ, როგორც სერვანტესის გმირი დონ კიხოტი ეუბნება სანჩოს: ეჰ, ჩემო სანჩო, ამ ქვეყანაზე შემთხვევით არაფერი არ ხდებაო.
- რითმასაც ეჭიდებოდით?
- სხვათაშორის, მუსიკა დამიწერია, ნოველა დამიწერია, სცენარი დამიწერია, ცოტა დამიხატია კიდეც, მაგრამ ლექსი არასოდეს დამიწერია. ყოველთვის მიკვირდა, როგორ წერდნენ პოეტები ასეთ ლექსებს: "და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმიდა"... მოფიქრება არ უნდა კაცცო?! რანაირად მოიფიქრა, ნიკორწმიდა იმდენად დიადია, რომ ცით დაამშვენაო, კაცცოოო, რანაირად შეიძლება ამის მოფიქრება?! ლექსის დაწერა აქამდე ვერ გავბედე, როგორც ვერ ვბედავდი მასთან მისვლას, ასე ლექსის წერაც ვერ გავბედე მე!
- არ მჯერა, რომ ხშირად არ უტყდებოდით ერთმანეთს სიყვარულში...
- არავითარ შემთხვევაში! ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? არა კაცცო! სიყვარული არსებობს! ჩვენც ვმოქმედებდით, ჩვენ მივდიოდით, მოვდიოდით, ბავშვებს ვეფერებოდით, ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობოდით, ხანდახან იყო ხოლმე, შეცდომას დავუშვებდი, ქეიფში, შეიძლება ვერ მოვიქცეოდი ისე, როგორც საჭიროა, სულ ვნერვიულობდი, აუ, როგორ შემეშალა, როგორ და რას მეტყვის ახლა, არ მითხრას, რომ ცუდად მოვიქეციო. და როცა ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, ერთი 10-20 დღის შემდეგ, მეტყოდა, არ გრცხვენია კაცოო?!
- ახსნითაც არ აგიხსნიათ სიყვარული?
- არაფერი მითქვამს... მივდიოდი, მოვდიოდი, ვიდექი, ხვდებოდა, რომ რაღაც სულელივით ვიქცეოდი... მერე ერთ მშვენიერ დღეს, მოვკიდე ხელი და ჩემს ძმაკაცებს განვუცხადე: ეს ქალი არის ჩემი ცოლი-მეთქი... გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო... სახლში მივედი, დედაჩემს ვუთხარი, ეს არის ჩემი ცოლი-თქო... შევიკრიბეთ, მისი დედა იყო, დეიდა იყო, მისი და იყო, დედაჩემი იყო, ჩემი დეიდა, მე ვიყავი, ბელა იყო, დავჯექით და ვისადილეთ, სადღეგრძელოები ვთქვით, და ეს იყო ჩემი ქორწილი. ასე გახდა ჩემი ცოლი...
- ყველაზე დიდი საჩუქარი?
- ქალიშვილი მომიყვანა, ვაჟიშვილი მაჩუქა... და თავისი თავი მომცა! აი, ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი.
- დღეს რა გრნობა გეუფლებათ, ახლა, ამ წუთას, ამ თემაზე საუბრისას?
- იცი რა?! როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა, დავდიოდი თურმე სახლში და ვიძახოდი: "რა ვქნა, ეხლა რა ვქნა"-მეთქი. თურმე სულ ამ სიტყვას ვიძახდი. მერაბ კოკოჩაშვილი მოვიდა ჩემთან და შემეკითხა, "კახო, რამდენი წელიწადი იცხოვრეთ ერთადო". მე ვუთხარი, 26 წელიწადი-თქო. "ბედნიერი იყავიო", ვიყავი-მეთქი, ეს 26 წელიწადი ვიყავი ძალიან ბედნიერი-მეთქი. კახო, ადამიანები არიან ამ ქვეყანაზე, რომლებიც 26 დღეს არ ყოფილან ბედნიერებიო, და 26 წელიწადი, მეოთხედი საუკუნე იყავი ბედნიერი, სულ ხომ არ შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანიო, და ძალიან ფილოსოფიური სიტყვები მითხრა.
მართლაც, ხომ არ შეიძლება სულ ბედნიერი იყო, ხომ არ შეიძლება სიცოცხლე გაგრძელდეს სულ არა? ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო მეტად ერთად და... უფრო მეტი ხანი ვყოფილიყავი ბედნიერი... თურმე ბედნიერება მარადიული არ არის და... მეც ასე ვფიქრობ, ალბათ, როგორც ცხოვრება არ არის მარადიული, ისე ბედნიერებაც არ არის მარადიული და ასეთი გაგებით ვეკიდები... შვილები არიან შენთან, მერე იზრდებიან და მიდიან, მერე უნდა გამოგეყონ და ძალიან მძიმე მომენტია. ქალიშვილი გათხოვდა, ვაჟიშვილმა ცოლი შეირთო... ისინი უფრო ახლობლები გახდნენ ერთმანეთისთვის და... ახლა შვილიშვილები უფრო მეტი არიან. რაღაც ხდება... მიდიან, მოდიან... თურმე ბედნიერებაც ერთ ეტაპზე უნდა დამთავრდეს, თურმე! რომ მერე მეორე ბედნიერება დაიწყოს, მეორე სიცოცხლე დაიწყოს, მეორე ადამიანებმა იბედნიერონ და ასე შემდეგ. მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ამხელა, ეს 26 წლიანი ბედნიერება მაჩუქა.
- ბედნიერება გაჩუქათ, ესე იგი ბედნიერი იყავით?
- ერთი კაცი დამისახელე, დაწყებული დიდი გენიოსებიდან, რომლებმაც მსოფლიო დაიპყრეს, რაც უნდოდათ გააკეთეს, რომ ეთქვათ, ბედნიერები ვართო... დამისახელეთ რა?! ვერ იტყვით ასეთ კაცზე! შეიძლება პირიქით, რომ გვგონია ჩვენ ბედნიერები, სულაც არ იყვნენ! მე ვთვლი, რომ ბედნიერი ვიყავი, შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს, ბედნიერი ვარ! მადლობელი ვარ, ღმერთის, რომ დღესაც ვმუშაობ, დავარდნილი არა ვარ, მინდა რომ ზეზეულად, ხეები რომ კვდებიან, ისე მოვკვდე სცენაზე. ჯერ-ჯერობით ასე მიდის და თუ ასე დამთავრდება ჩემი ცხოვრება, ესეც ბედის საჩუქარი იქნება ჩემთვის.
- ბელასთან შეხვედრა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ალბათ ჩვეულებრივად, თითქოს ის გუშინ წავიდა, მე დღეს მივედი... ასე შევხვდებით ალბათ ერთმანეთს... მომეჩვენება... ბოლო სიტყვები ბელამ ეს მითხრა, რაღაცას ველაპარაკებოდი, მინდოდა გამომეყვანა მდგომარეობიდან, რაღაც მძიმედ იყო და... ბოლო სიტყვები იყო: "Оставь меня в покое, не мещай в бложенству", დამანებე თავიო, შევეშვი და ესე ძილში 28 აგვისტოს, მარიამობას დაიძინა და წავიდა...
დედაჩემმაც ჩემს ხელში დალია სული და მისი ბოლო სიტყვები?! სულ რაღაც ტკიოდა, თვალებში დაკარგა ფოკუსი (დედაჩემს ქმარი დაეღუპა, 27 წლის დარჩა ორი შვილით) და ძალიან ფხიზლად, ძალიან ფხიზლად, - "დათაშკააა", - დაუძახა და დაამთავრა სიცოცხლე.
- შეხვდნენ!
- შეხვდნენ! რა ვიცი, შეიძლება მეც დავიძახო, ან იმან დამიძახოს: კახოოო...
- ბატონო კახი, ემაგ დაძახებამდე ერთი საუკუნე კიდევ მინდა გავიდეს... ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ, ელიბოც გვჭირდება და დონ კიხოტიც...
* * *
ეს საუბარი ცივი თებერვლის ცივ დარბაზში შედგა...
ცივი-მეთქი, ვამბობ, მაგრამ როცა ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა, ვიგრძენი რომ ეს სიცივე სადღაც გამქრალიყო და იქაურობა სიყვარულის სითბოთი გამთბარიყო.
თბილი ოთახიდან გარეთ გასვლა კი ძნელია, ხოდა მეც ძალიან გამიჭირდა ამ სითბოს, ამ სიყვარულის იქ დატოვება.
მანუჩარ კაჭახიძე,
ამერიკა
1 comment:
rogori shegrdznebaa legendis agebashi,rom monawileob?igrdznoba mistika?gakoce dawerilze.mari.
Post a Comment