

"ქუთაისი "ეპიგონია" თავისი არსით.
იყო რაღაც მშვენიერი და დიდი, ახლა კი მხოლოდ ლამობს იყოს ასეთი. და რაკი არ გამოდის, ბრაზდება და ნიჰილისტური გაუფასურების ქეციან ეშმაკს უვარდება ხელში".
გრიგოლ რობაქიძე
I. კონტრასტების სამეფო
როცა ქუთაისზე მიდგება საუბარი, პირველი სიტყვა, რაც გონებას მოაწყდება, ესაა ნაცვალსახელი "ჩემი". ამ ერთ სიტყვაში მე ყველაფერს ვატევ - ჩემს სადაურობასაც, ჩემსა და მის მსგავსებასაც, ჩემს მრწამსსაც და ჩემს ყოფიერებასაც. ვიღაც ამ სიტყვაში მხოლოდ სადაურობასა და ყალბ პათეტიკას გულისხმობს. მე საკითხის ასეთ გამარტივებას არ ვაკადრებ ქუთაისს, რადგან "ჩემიო", - ვამბობ და ვგულისხმობ
საკუთარ ცხოვრებას ქუთაისში გატარებულსაც,
ქუთაისთან დაკავშირებულსაც,
ქუთაისისთვის გარჯილსაც და
რაც მთავარია, -
ქუთაისის მიღმა რაც მიცხოვრია, იმასაც, -
რაც ქუთაისთან არაა კავშირში, მაგრამ ჩემი ქალაქის "ჩემიანობას" რომ წარმოაჩენს მთელი სიცხადით.
ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ, ხვალ სად ვიცხოვრებ არ ვიცი, მაგრამ მე ქუთაისი გულითაც დამაქვს, როგორც სიყვარული და ზურგითაც - როგორც ტვირთი, პარადოქსებითა ვართ შემოსილი მეც და ჩემი ქალაქიც, და მიტომ. ქართველთა ცხოვრებაში პარადოქსები და კონტრასტები ბევრია, მაგრამ ასე მგონია, ქუთაისი ამ უცნაურობათა ეპიცენტრია, საიდანაც მომდინარეობს ქართული ბუნების სრული ნაზავი და არა პოლიტიკური მენტალობა.
ერთი დიდი თვისება აქვს ქუთაისს - მასში გამორიცხულია პოლიტიკური ამბიცია. იქამდე, ჩვენს ქალაქში პოლიტიკურ სიახლეებსა და ძვრებს სრული ინდიფერენტულობით ეგებებიან. ეს არაა ნიჰილიზმი, ეს ქუთაისური ბუნებაა თანდაყოლილი.
ქუთაისს ვამბობ და ყველა ქუთაისელს ვგულისხმობ, რადგან ქალაქი ადამიანთა გარეშე მხოლოდ გეოგრაფიულად შემოფარგლული არეალი და ურბანულად გაშენებული სახლებია, ქუჩები და წყალსანიაღვრე მილების სისტემაა. თვით მისი ზედაპირული იერსახის გამოსახულება ქალაქის ფსიქოლოგიურ, თუნდაც ფილოსოფიურ ტიპს სრულფასოვნად ვერ წარმოაჩენს. ეს განფენილობაა და ზედაპირული პორტრეტი. თუმცაღა ქუთაისს ამაშიც აღმოაჩნდა კონტრასტული ბუნება:
ის არ ექვემდებარება ქალაქთმშენებლობის ურბანიზაციულ კანონებს, რამეთუ არაა გაშენებული გეომეტრიული პრინციპის კანონზომიერებებით -
ან წრიული,
ან სამკუთხა,
ან ოთხკუთხა,
ან მრავალკუთხა,
ან პარალელურ-პერპენდიკულარული განლაგების წესებით. ქუთაისის თითოეული სახლი, რომელიც წარმოქმნის ქუჩას, ისეა აშენებული და ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, როგორიც სახლის პატრონისთვის იყო ხელსაყრელი, ან მოსახერხებელი. ეს კი უნიკუმია, ასე იწყება ქუთაისური ბუნების ჩამოყალიბება.
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ საკმაოდ დამახასიათებელი და რაც მთავარია თვალში მოსახვედრი: მაგალითად, თბილისელები თბილისში ჩასულებზე იტყვიან "ჩამოსულებიო", ქუთაისელი კი ამ სიტყვას ასე წარმოთქვამს და შესაფერის შინაარსსაც აძლევს - "შემომატებული"...
მარტო შინაარსს კი არ აძლევს, არამედ თვითონაც ისე ეპყრობა ახლადჩამოსულს, როგორც წარმოთქვამს... შემომატებულიო, ანუ ითავისებს მას, თავისიანად ხდის, უპირატესობას არ ანიჭებს საკუთარ პერსონას, რადგან უნდა ჩამოსულიც რომ გახდეს ქუთაისელი და არ დაკომპლექსდეს იმით, რომ წარამარა შეახსენოს თბილისელივით - შენ ჩამოსული ხარ, მე ადგილობრივიო, ე.ი. "კარენოი". ეს ერთგვარად შეურაცხმყოფელიც არის ყველასთვის. ქუთაისში კი ამის პრობლემა არავის გააჩნია და იმიტომაც, რომ ქუთათურები არასოდეს ყოფილან გაფეტიშებულები რაღაც უპირატესობებით.
კიდევ ერთი:
გალაკტიონს საყოველთაოდ ცნობილ ლექსს "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო"... მისამღერი დაამატეს და ისე ოსტატურად, საქმეში ჩახედული კაცი თუ არა, ვერ მიხვდებიან, ეს მისამღერი გალაკტიონს რომ არ ეკუთვნის.
ეს ზედაპირულად.
არსით, შინაარსითა და სტილით, რა თქმა უნდა, ერთი სხვაა და მეორე სხვა, მაგრამ ერთიან სასიმღერო მელოდიაში უერთმანეთოდ ეს სტრიქონები ვერ იარსებებენ.
კონტრასტი დამშვენდა,
გამშვენდა და
მშვენიერებად განხორციელდა.
მთელი ქუთაისი თავისი შინაარსიანი და უშინაარსო ატრიბუტით ესაა!!!
ლექსის პირველი, ანუ გალაკტიონისეული ტაეპი ასე იკითხება -
"წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ კი უთხრა ვისი,
ამას თვითონ მიგიხვდება ჩემი ქუთაისი".
აქ პოეზიაა, პეიზაჟი, პირველქმნადობის სუნთქვა, თითქოსდა ქარების სუნთქვაში სულდგმულობს ქუთაისი. ამის იქით მეტს ვერაფერს დაწერ, რომც დაწერო, არაა საჭირო, ვერ გაითავისებს ერთი მეორეს, ან სხვა დანარჩენს.
მაგრამ ვიღაც დარდიმანდმა, ალბათ ბოლშევიკური ეიფორიით, მუსიკისა და ლექსის ასე თუ ისე მცოდნემ, რომელსაც აქვს შემოქმედებითი ამბიცია, თუმც არც დიდი პოეტია და არც დიდი კომპოზიტორი. სწორედ ასეთი დიაპაზონის პოეტი გაემეტიქა გალაკტიონს და ლექსს დაამატა ერთი ტაეპი, რომელიც წარმოადგენს ქუთაისისა და წყალტუბოს განმარტებას გარითმულ ფორმაში-
"ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი,
წყალტუბო კი მხარე არის მისი დამამშვენებელიო".
რა თქმა უნდა, სრული კონტრასტია, მაგრამ პარადოქსი: ეს ორი ურთიერთშეუთავსებელი ტაეპი ჰარმონიულად შეათავსა მუსიკამ - ქუთაისურმა მრავალხმიანმა ჰანგმა გიტარის თანხლებით. გალაკტიონის შემდეგ თითქოსდა ირონიულად, სწორედ რომ ქუთაისური სარკაზმით ჟღერს სიტყვათშეთანხმება - "ინდუსტრიის მშენებელი"...
იქნებ ამისთვის დაიწერა?
იქნებ შეუთავსებლობის შეთავსება ამ გზით გაიაზრა ქუთაისმა?
ყოველი შემთხვევისთვის, დღესაც ამღერებენ სუფრებზე დარდიმანდები და დიდი გატაცებით მღერიან ქართული ანსამბლები ამ სიმღერას იმის მიუხედავად, რომ ქუთაისიდან საპნის ბუშტივით გაიპარა ინდუსტრიალიზაცია. მე კი ასე მგონია, რომ არათუ მხოლოდ ლექსმა და სიმღერამ აუღო ალღო რეალობას და თავისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად კონტრასტული ნაპირები გაერთიანდნენ, არამედ თვით ცხოვრებამაც იპოვა იმ ყბადაღებულ ინდუსტრიალიზაციაში სასიცოცხლო ძალა, სხვა გამოსავალი ქუთაისს არ ჰქონდა, და მიტომ... და ეს მაშინ, როცა ქალაქის ნატურაში სავსებით არ ზის ეს ყბადაღებული და თავსმოხვეული ეკონომიკური პოლიტიკა. ხომ ყველამ ვიცით: ქუთაისის ავტოქარხნიდან ვერ ასწრებდა ავტომობილები გამოსვლას, რომ გზაში უცვიოდა ნაწილები. ჩვენ კი დღემდე ვმღერით, ქუთაისი ინდუსტრიის მშენებელი ქალაქიაო. პარადოქსია, აბა რა!.. ეს იმ ანდაზას მაგონებს - "ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ატენიდნენო"... მაგრამ ვირი რისი ვირია და სადაური ბრძენია, რომ იმ პიტნასაც უნდა შეეგუოს. ეს სულაც არ ნიშნავს უთავმოყვარეობას. პირიქით, ამით გადარჩა ქუთაისი, როგორც ქალაქი, და ამიტომ დღემდე აღინიშნება რუქებზე ქუთაისის ადგილმდებარეობა დიდი აღმნიშვნელი წერტილითა და წარწერით "KUTAISI". თავისთავად ალღო აუღო ქუთაისმა საბჭოთა ინდუსტრიალიზაციას და ქართულ მეტალურგიულ მარაქაში ისიც ჩაერთო. მაგრამ ეს მისეული ფუნქცია სულაც არ ყოფილა.
იქნებ ბოლშევიკებმა სპეციალურად დატვირთეს ქუთაისი ამ "დავალებით", რათა მას თავისი დანიშნულება დაჰკარგოდა?! ეს კიდევ სხვა საკითხია. პარადოქსია, მაგრამ ქალაქმა გაუძლო ამ სიმძიმეს და ქუთათურებს მაინცა და მაინც არ შეხებია ეს საბჭოური სახადი.
ალბათ ქუთაისს და მის კოპწია ქუჩებს გულისხმობდა მუხრან მაჭავარიანი, მთელს საბჭოეთს რომ გადააყვირა თავზე - "ამ ვიწრო ქუჩებში კომუნიზმი ვერ შემოაბიჯებსო".
II. ორმაისობის მისტიური დღესასწაული
ყველა ზეიმსა და დღესასწაულს რაღაც სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, ან რაღაც ღირსსახსოვარ თარიღთანაა ის უსათუოდ დაკავშირებული.
დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება კალენდარული დღე, რომელსაც თავისი ისტორიული, რელიგიური ან სხვა მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ერთადერთია ასეთი თარიღი და ისიც ქუთაისში, რომელსაც არ გააჩნია თავისი წარმომავლობის სპეციფიური წანამძღვრები. ასეთი პარადოქსებიც ხდება ქვეყნად.
ერთი რამ ტრადიციად დამკვიდრდა - ორმაისობას აუცილებლად იმართება საყოველთაო სეირნობები საღორიის ტყეში. ეს არის და ეს.
ვითომ ეს გულმავიწყობაა? ვერ ვიტყვი.
განა ცოტა უმნიშვნელო დეტალი ასახავს ქუთაისს? დღეს რაღა, მაგრამ გარდასულ წლებში მოხუცთათვის რომ გეკითხა, რა მოხდა ისეთი ორ მაისს ქუთაისშიო, დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობდა.
ნაბოლშევიკარი პენსიონერები იმას ამბობდნენ, რომ ამ დღეს ჟანდარმებმა ქუთაისში საპირველმაისო მიტინგი დაარბიესო;
დენდები ასე იტყოდნენ, ამ დღეს ყველაზე დიდი სუფრა გაიშალა და ქალაქში რომ არ დაეტია, საღორიის ტყეში სუფთა ჰაერზე გაშალესო;
მსახიობები იმას ამბობდნენ, რომ ორ მაისს ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერა ჩატარდაო;
მწერლები ვიღაც მწერლის რაღაც შედევრზე იტყოდნენ, ეს დაიწერაო;
ვაჭრები ყველაზე სარფიან ნავაჭრ დღედ მონათლავდნენ ამ დღეს.
ერთის სიტყვით, ორმაისობა ყველა ქუთათურისთვის თავისებურად აღქმადია. ის კონკრეტული პროფესიის, საზოგადოებრივი ფენის, ეროვნების თუ კონფესიის წარმომადგენლის განსაკუთრებული დღე არაა. ის ქუთაისის დღეა და მთელმა საქართველომ ამის შესახებ იცის. ორმაისობას ქუთაისი ნებისმიერი ჯურის სტუმრისთვის განსაკუთრებული მასპინძელია.
და მაინც: რატომ საყოველთაო სეირნობები და ისიც ტყეში და თუ სეირნობები, რატომ მაინცა და მაინც ორ მაისს. ნუთუ სამ მაისს ვერ ისეირნებდნენ? ან თუ სეირნობა, რატომ მაინცა და მაინც საღორიის ტყეში?
ამაზე რომ პასუხი გავცეთ, ქუთაისის ტვინში უნდა ჩავიხედოთ. ამას კი მხოლოდ თავისი ქალაქის უაღრესად მოყვარული შესძლებს. მე ისე ვერ გავკადნიერდები, რომ ასეთად ჩავთვალო თავი, თუმცაღა ჩემი სიყვარული ჩემი ქალაქის მიმართ უაღრესია, მის ტვინში კი ჯერ არ ჩამიხედნია, ალბათ არც მიცდია.
ბულონის ტყეშიც სეირნობენ ფრანგები, მაგრამ საამისოდ კონკრეტული დღე არ დაუწესებიათ - ვისაც როდის უნდა, მაშინ სეირნობს. ამისთვის დღესასწაულის რანგში არც ერთი დღე არ გამოუყვიათ წელიწადში. ამ უცნაურობაშიც ვლინდება ქუთაისის უნიკალობა.
მაგალითად, თბილისობა ხელოვნურად შექმნილი დღეობაა და ჩვენს ეპოქაში შეიქმნა და ვიცით, რატომაც. საქმე იმაში გახლავთ, რომ ორმაისობა ქუთაისობა არაა. მას მხოლოდ საქმეში ჩაუხედავები აიგივებენ. ქუთაისობა, როგორც ასეთი, არ არსებობს და რომ შეიქმნას და თუ შეიქმნა, თბილისობასავით ხელოვნური და "ყურით მოთრეული" დღეობა იქნება და რაც მთავარია, უტრადიციო. ორმაისობას კი თავისი ძირძველი ტრადიცია გააჩნია, რომლის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ უგულებელჰყო ეს ზეიმი. საღორიის ტყეში - თუნდაც ყირამალა დადექი, მაინც იზეიმებ, სხვა შემთხვევაში თავისვ პეწი ეკარგება ზეიმს. ერთხანს დოღიც იმართებოდა, ძაღლების შეჯიბრიც, სპორტული კროსი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
ორმაისობა ყველას უხარია და რა უხარიათ, არ იციან.
ქვეცნობიერში თუ ჩავიხედავთ, ამ დღეს სიცოცხლე უხარიათ, თვით სიხარული უხარიათ. ყველა ქეიფობს, ყველა ულოცავს ერთმანეთს! ულოცავენ და ქეიფობენ იმას, რომ ცოცხლები არიან (ეს ახლა), რომ არსებობს რაღაც იდუმალი მიმზიდველობა, ერთმანეთისკენ რომ იზიდავს ერთმანეთის შეუთავსებლებსაც კი.
არქიმედე ამ დროს საყრდენს ეძებდა, დედამიწა რომ გადაეტრიალებინა, არადა, არ იცოდა, როგორი მიწიერი საყრდენია ქუთაისი ყველანაირი ახირებული იდეის, ყველანაირი თავქარიანი წამოწყების, ოღონდ თვითონ ქუთაისი არ უნდა გახადო ყველაფერ ამის მედროშედ და ეპიცენტრად. საყრდენი, და არა სათავე, ან მოთავე - ესაა მთელი ქუთაისი თავისი არსით, თორემ სხვაფრივ გინდ ქვეყანა გადაატრიალე, გინდ დედამიწა, და თუ გინდა ზეცაც, მისთვის ეს სულ ერთია, ყველაფერში მხარს აგიბამს, დაგეხმარება.
ამიტომ არ ჩანს ორმაისობის სათავე, მაგრამ ორმაისობა არსებობს და განაგრძობს არსებობას მხოლოდ ქუთაისში, ქუთაისში ნახა საყრდენი, და მიტომ. ყველაფერი იმიტომ ხდება ასე, რომ მოქალაქეების განზოგადებული პორტრეტია ის. არაა მასში გამოკვეთილი სახელები და გვარები (თუმცაღა, თუ დავკონკრეტდებით, მთელი წყებაა ადამიანთა, რომლებმაც თავისი ღირსეული და უცვლელი ადგილი დაიმკვიდრეს ქუთაისის ცხოვრებაში, ისინი არათუ მხოლოდ ქალაქის, თვით ეპოქის კოლორიტებად იქცნენ).
როცა ქუთაისზეა საუბარი და არა კონკრეტულ პიროვნებებზე, მხოლოდ მაშინ აღიქვამ მას მთელი სიგრძე-სიგანით, რამეთუ ისინი თავისთავად ჩაქსოვილნი არიან ქალაქის სახისმეტყველებაში და რომელიმე მათგანი რომ ვახსენო, გამოიყოფა მხოლოდ ქუთაისის ერთი მცირედი დეტალი და დაირღვევა მთლიანობა, თვალს ვერ გავადევნებთ მის სრულმომცველ ფსიქოლოგიას.
მერე რა, რომ ქალაქმა განიცადა ინტელექტუალური გენოციდი და დარჩა დაცარიელებული და ფაქტობრივად უფუნქციოდ, ამაშიც კი ქუთაისი შეუდარებლად მდიდარია, რადგან ყოველთვის ფენიქსივით წამოიმართება მაშინ, როცა მის ფეხზე დადგომას აღარავინ ელის. ამაშია სწორედ მისი ძალა. თუ ხდება ინტელიგენციის პერმანენტული გადინება ქალაქიდან, სამაგიეროდ ულევი მადანივით იბადებიან ახალი ძალები, რათა ისევ კვებონ სულიერებით სატახტო ქალაქი, რათა მოთხოვნილება ქუთაისზე არასოდეს გაქრეს.
ყველაზე უცნაურად სასაცილო სანახაობაც ქუთაისშია, შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ აქაურს მაინც თავისი აზარტული მიმზიდველობა გააჩნია - ღამის ქუთაისი.
ის მკვდარივით თვლემს, თითქოსდა საშინელებათა ფილმების მსგავსად შებინდებულზე უკაცრიელდება მთელი ქალაქი. მხოლოდღა ახლადგარემონტებულ-რესტავრირებული ქუჩებია განათებული უკანასკნელ კენჭამდე. შენობათა თითოეულ სვეტს დაყენებული აქვს პროჟექტორი და ბრჭყვიალებენ შენობის კონტურები ღამის სიბნელეში.
ლამაზია ღამის ქუთაისი და მით უფრო ქალაქის ცენტრალური მოედანი, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლია აღმართული მაღალ პიედესტალზე. მართალია დიდი მეფის ძეგლი მეტალში ჩამოსხმული ღამის ბურუსში იკარგება და უჩინარდება, სამაგიეროდ პიედესტალს ხვდება შუქი, უფრო სწორად გამონაშუქის ანარეკლები და ასე გგონია, შუა მოედანზე სტელა აღუმართავთ ვიღაცის ან რაღაცის განსასვენარით?!
არადა, არ არსებობს იმ ღამეში კაცი, ეს რომ შეამჩნიოს. აქედან, ამ შორეული ქვეყნიდან ვხედავ ამას, ესეც იმიტომ, რომ ქუთაისში როცა ღამეა, აქ დღეა, მე მაშინ არ მძინავს და ჩემს ქალაქს ვუყურებ, არათუ ბინოკლით, არამედ მესამე თვალით.
III. მაინც მკვიდრდებიან მსოფლიო კაცები ქუთაისში
ქუთაისმა რომ ძეგლები არ გაახარა, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, მხოლოდ ისინი გადარჩა, რომლებსაც ხელით ვერ შესწვდა. ხანდისხან ჩემი ქალაქი უაღრეს პროვინციალიზმს იჩენს და სავსებით არ შეეფერება გაერთიანებული საქართველოს პირველი სატახტო ქალაქის იმიჯს. მაგრამ მიზეზი მარტივია, სხვა გასართობი ქუთაისს აღარაფერი დარჩენია და მიადგა დები იშხნელების, ილო ფოტოგრაფის, პიკასოს ბიჭის ძეგლებს, ზოგს ცხვირი მოამტვრია, ზოგს ფეხი, ზოგზეც თინეიჯერული ავარობით სახელები ამოჩხაპნა და შუაში პლიუსი დაუსვა. აკაკის ძეგლს ვერ შესწვდა და პოსტამენტი მოუჩხაპნა ქიმიური საღებავით. დავით აღმაშენებლის ძეგლი ხომ საერთოდ ღამის უკუნეთში აიტყორცნა.
ანაზდად მფრინავი ფრაზა მახსენდება კინოფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"
- "ესაა, ბიჭო, პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?"
რითი ერთობა და რითი არა პიკასო, ეს პიკასოს დავუტოვოთ, ჩვერნ კი პიკასოსთან და მის ბიჭთან დავრჩეთ. მსოფლიომ არ იცის, რომ ქუთაისში დგას ძეგლი, რომლის სათაურის პირველწყარომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო სახვითი ხელოვნების აუქციონზე მოხსნა ვან-გოგის "მზესუმზირების" რეკორდი და პაბლო პიკასოს "P'tit Louis" (პატარა ლუი) სოთბის აუქციონზე გაიყიდა 119 მილიონ დოლარად. ეს თანხა ბევრად აჭარბებს და აღემატება ქუთაისის ბიუჯეტს.
მსოფლიომ არ იცის, რომ პიკასოს ეს ბიჭი ქუთაისში შინაური გახდა ისე, როგორც ცხოვრების ყოველდღიურობა. იქამდე, პიკასოს თავის სიცოცხლეში გაგონილიც არ ექნებოდა ქუთაისის შესახებ, მით უმეტეს ის, თუ ასე პოპულარული იქნებოდა იგი და მისი ვარდისფერი პერიოდის შედევრი მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოში. მართალია ძეგლზე წაითამაშეს, მაგრამ ისიც შეიძლებოდა, საერთოდ რიონში გადაეგდოთ იმ პატარა ბიჭივით "ამპრედუზო მედუზოს" რომ იძახის და ქუდებს ართმევს აგულისა და შავლეგს...
რა თქმა უნდა, ამ პოპულარობაში ლომის წილი უდევს მწერალსა და სცენარისტ რეზო გაბრიაძეს, მაგრამ რომ არა ქუთაისის თავნება თვისება უცხოს გათავისებისა, არც ეს ფრაზა და არც პიკასო და მისი ბიჭი ასე ხელი-ხელ საგოგმანები არ იქნებოდნენ ქუთაისში.
ეს ხასიათი და ბუნებრივი მოთხოვნაა ქუთაისის, რათა კონტრასტების სილამაზით წარმოჩნდეს. ეს ისეთივე უნიკალური მომხიბლაობაა, როგორც თვით იმავე პიკასოს გასაოცარი კუბისტური ნახატები და ამ მიმდინარეობის უპირველესი წინამორბედი - "ავინიონელი ქალები". ამისთვის ქუთაისს ჯერ არ მოუცლია.
"პიკასოს ბიჭებიო", - ამბობენ ქუთაისში და უკვე ამ სახელწოდების კომედიურ-მუსიკალური ჯგუფსაც გულისხმობენ. ერთის სიტყვით, ეს სიტყვათშეთანხმება ისევეა გაიგივებული ქუთათურებთან, როგორც საფიჩხიელი, ბალახვნელი, ჭომელი, ზასტაველი და სხვ.
ამ დონეზე თუ შეითვისებდა ქუთაისი პიკასოს, არათუ პიკასომ, თვით ქუთაისმაც არ იცოდა მთელი სიცხადით, რადგან სიყვარული და შეთავსება მარტო კინოფილებით, ან ქალაქელობით კი არ ხდება, არამედ რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული კრიტერიუმით, რომლის სიღრმესაც ჯერ კიდევ არ ჩავმწვდარვარ. ერთი კია, რომ ამ საყოველთაო აღიარება-გათავისებაში ქუთაისურ იუმორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სიცილი მარტო არ ჰყოფნის იუმორს. აქ მეტი რამ არის საჭირო. ეს მეტია წარმოჩენილი "პიკასოს ბიჭში", ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა ეს ბატონ რეზო გაბრიაძეს, ან თუნდაც იგივე პიკასოს. ამ აღიარების უნიკალობის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ თვით ქუთაისური იუმორის რაობა და პარამეტრები, თუ რით საზრდოობს ის ადამიანის თუ ადამიანთა გულით მიღებისა და გათავისების მხრივ.
IV. ქუთაისური იუმორის თავსატეხები
ქუთაისმა ძალიან კარგად იცის ხუმრობისა და შეურაცხყოფის ფასი, იქამდე, გრძნობს, რა როგორ არის ნათქვამი. ამის ნათელ დასტურად შემიძლია მოვიტანო ერთი ანეკდოტი, რომელიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე შეიქმნა და ის სრულად ასახავს ჩემი ქალაქის ფსიქოლოგიურ ტიპაჟს.
როდესაც სატახტო ქალაქმა სისხლისღვრა და ომები გადაიარა, საყვედურის ნიშნად თბილისს უთქვამს ქუთაისისთვის - "შენ ჭურში წევხარო"... (ეს იმიტომ, რომ მთელს ამ ორომტრიალში ქუთაისის წვლილი არ ჩანდა, იქამდე ასკაციანი მიტინგიც კი არ ეწყობოდა).
ქუთაისს უპასუხნია სატახტო ქალაქისთვის - "კუბოში წოლას ჭურში წოლა მირჩევნიაო". ამ ანეკდოტზე შეიძლება არავის გაეცინოს, არც მაშინ გაუცინია ვინმეს. ბევრმა ეს ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ მასში არის ის, რაც ქუთაისისთვის სანუკვარია - სიმშვიდე.
ის არასოდეს ჩარეულა პოლიტიკურ ბატალიებში. სადაც სხვა იყო, ისიც იქ იყო. მაგრამ არასოდეს მას თავის თავზე ზედმეტი არ აუღია. იმიტომ კი არა, რომ რაიმესი შეშინებია ქუთაისს. არა! მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის მთავარი იყო სიცოცხლე, პატარა ქალაქი? ის, და მიტომ. ზედმეტი ყურადღება არ უყვარს ქუთაისს, მითუმეტეს მტერთაგან, თორემ ქუთაისი იყო სწორედ ის ქალაქი, სადაც მხედრიონის ურდო დაბანაკდა. სიცოცხლე ძვირად უღირდა ქუთაისს. მართლაც, ჭურში ჯდომა ჯობდა იმ დროს კუბოში...
ქუთაისში განვითარებულია თვითგადარჩენის ვირთხისეული იმუნიტეტი. საჭირო დროს აუცილებლად უნდა დავიმალოთ, ქალაქიც პატარაა, არც სატრანზიტო გზაა და არც სარკინიგზო. მტერს რომ მოუნდეს, ქუთაისისთვის ხელს არც კი გაისვრის, ინდუსტრია აღარ არის ჩვენში, და მიტომ. ამით გადავრჩით რუსებთან ომის დროს, ქუთაისში ერთი ბომბიც რომ არ ჩამოვარდა, იქამდე ერთი რუსული ჩექმაც კი არ დადგმულა იმ ორომტრიალში.
შეეძლოთ?
და მერე როგორ...
და მერე რამდენჯერ...
ან ვინ უშლიდა ხელს...
ან ახლა...
მაგრამ რა უნდა მოიგოს მტერმა ქუთაისში გარდა იმისა, რომ სულიერ ჭაობში ჩაეფლობა და დაიხრჩვება. სამხედრო სტრატეგიის მხრივ ქუთაისი მხოლოდ ქართველთათვის არის ხელსაყრელი და არა ნებისმიერი მომხვდურისთვის,
გინდაც ჩრდილოეთიდან წამოვიდეს ის,
გინდაც სამხრეთიდან,
გინდაც აღმოსავლეთიდან და
გინდაც დასავლეთიდან.
ის მხოლოდ და მხოლოდ სულიერი საბადოა ქართველი ერის და თუ ვინმეს უნდა ამ ერის განადგურება, მხოლოდ ქუთაისი უნდა აღგავოს პირისაგან მიწისა.
მე ის კაცი არა ვარ, მტრებს რომ ვეუბნები, ერეკლეს მეზარბაზნეები არა ჰყავსო, მე ამით ხაზს ვუსვამ ქუთაისის არსს, მის დიად ძალას. თუმცაღა, მტერმა ისიც იცის, რომ ქუთაისი, სამხედრო სტრატეგიის მხრით, მხოლოდ და მხოლოდ ქართველებისთვისაა ხელსაყრელი. იგი ვერავინ გამოიყენა სათავისოდ - ვერც არაბმა, ვერც თურქმა, ვერც მონღოლმა, ვერც ოსმალომ და მით უფრო ვერც რუსმა.
ქუთაისს ამის ძალა გააჩნია და ამიტომ ქუთაისზე და ტფილისზე ლაშქრობა ვერც ქართველს გამოუვიდოდა და ვერც ვერანაირ მომხვდურს, რამეთუ ჩვენ ყველანი ქუთაისში ვხვდებით ყველას მტერსაც და მოყვარესაც.
* * *
ერთადერთი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ჩერჩილი, სტალინი და ჰიტლერი ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციებისა და ქვენაგრძნობების გარეშე, უბრალოდ, ხოშის გასასწორებლად, ეს ქუთაისია.
მანუჩარ კაჭახიძე,
2 მაისი, 2010, აშშ
No comments:
Post a Comment